ევროპის საინვესტიციო ბანკი საგზაო უსაფრთხოებისათვის 5, 750,000 ევროს გამოყოფს
30 იანვარი 2020
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის (GTC) ტექნიკური დახმარებისა და კვლევების ფარგლებში“, გრანტის სახით, 5 750 000 ევროს გამოუყოფს.
გრანტის თანხა მოხმარდება საქართველოს საგზაო ქსელის ხარისხის და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, რაც მოიცავს მგზავრობის პირობების გაუმჯობესებას, გადაადგილების დროისა და ავტოტრანსპორტის საოპერაციო და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას, სახელმწიფო საგზაო ქსელზე უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას, პროექტის მომზადებისა და განხორციელებისთვის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, მათ შორის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებს.
გრანტის სრული მოცულობიდან, სავარაუდოდ, 150,000 ევრო მოხმარდება EIB-ის მიერ დასაფინანსებელი პროექტებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების მომზადებას, 600,000 ევრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარე პრიორიტეტული „შავი წერტილების“ შერჩევას (EIB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების სიახლოვეს), ხოლო 5 მილიონი ევრო - იმ გარე ექსპერტების მხარდაჭერას, რომლებიც დაეხმარებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტს EIB-ის მიერ დაფინანსებული და ტრანსევროპულ ქსელში (TEN-T) შემავალი ან მასთან დამაკავშირებელი საგზაო პროექტების მართვასა და განხორციელებაში.
საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმით“, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს 5 პროექტის განხორციელება. პროექტები დაფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით.
„საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე განახორციელა 8 მილიონი ლარის საგზაო უსაფრთხოების პროექტები, ხოლო 8,5 მილიონი ლარის სამუშაოები მიმდინარეობს და 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.